ვინ და რატომ ჩ ვ ე ნ
ვინ და რატომ ჩვენ?
„ჩვენ“ არის ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც მე და ჩემმა თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმა ხალხის დაკვეთით და ხალხისთვის შევქმენით! ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია და ამიტომაც, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა!
ჩვენ გელოდებით ყველას, ვინც თვლის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია! ჩვენ ვიბრძვით ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის!
„ჩვენ“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალებსა და იმ სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს, რომლებსაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში უკან არასოდეს დაუხევიათ!
და აი, მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს პარლამენტის "რუსულ კანონად" წოდებული მავნებლური კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციიდან წამოსულმა, გადავხედე რა სოციალურ მედიას, ვხედავ ამაზრზენი ძალადობის მორიგ ვიდეოს... დავით ქაცარავას დაკავების კადრებში კარგად ჩანს, რომ ის აქციის მონაწილეებს შორის იდგა და სხვებს ელაპარაკებოდა, როცა სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ადამიანი ერთდროულად მოწყდა და გამოიქცა მისი მიმართულებით - ყველა მათგანს სახე შავი ნიღბებით ჰქონდა დაფარული.
დაკავება დასრულდა სასტიკი ფიზიკური ძალადობით, ნაწამები დათო ე.წ. "რობოკოპებმა" გადაულოცეს საპატრულო ეკიპაჟს, რომელმაც იგი ინგოროყვას სახ. კლინიკაში გადაიყვანა. მას მოტეხილი ჰქონდა ყვრიმალის ძვალი, ზედა ყბის ძვლები და აღენიშნებოდა სხვა მრავალი ტრავმა, შესაბამისად, გაკეთდა სასწრაფო ოპერაცია... დათო და მისი ორგანიზმი ძლიერი და მებრძოლი აღმოჩნდა - იგი გადაურჩა ავტოკრატიული რეჟიმის ჯალათებს და დაუბრუნდა ბრძოლის ველს.
დროში ოდნავ უკან დავბრუნდები, როდესაც 2019 წელს, რამდენიმე აქტიურმა აქტივისტმა, საზოგადო მოღვაწემ, პოლიტოლოგმა და ზოგადად, სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანმა, ვინც აშკარად გრძნობდა, რომ ჩვენი სამშობლო მიექანებოდა რუსულ გავლენის ორბიტაზე და ქვეყანაში მყარდებოდა უნიჭოდ შენიღბული ავტოკრატიული რეჟიმი, გადაწყვიტა ნელი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით შემოსულიყო ქართული პოლიტიკურ სივრცეში.
ნამდვილად, ხალხში ისმის კითხვა და მოწოდება, - "არ მოგვწონს არავინ ქართულ პოლიტიკაში; გამოჩნდით ახალი სახეები; აბა ვინ?" ... რეალობა უფრო მეტად რთულია, ვინაიდან ახალი სისხლის გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში ბევრს არ სურს, განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს კისერზე შემომჯდარ პოლიტიკურ ელიტას. ახალ სახეებს, გულწრფელ პატრიოტებს და საკუთარი საქმის პროფესიონალებს ბევრი შემშლელი გარემოება წამოეჭრება წინ - შეზღუდული დაფინანსება, მედია ბლოკადა, დაშინება, შანტაჟი, ე.წ. "შავი პიარი" და მრავალი სხვა.
ყოველივეს მიუხედავად, 2021 წლის მაისში, დავაფუძნეთ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (პარტია) "თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა". დამფუძნებელი ყრილობა დელეგატებმა ღია ცის ქვეშ ჩავატარეთ, რაც მთავარია პარტიამ გაიარა რეგისტრაცია და მალევე, შეაგროვა საჭირო რაოდენობის მხარდამჭერთა ხელმოწერები და გახდა სრულფასოვანი საარჩევნო სუბიექტი.
2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გავედით "ახლად გამომცხვარი" პარტია, კანდიდატები წარვადგინეთ მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში, რა თქმა უნდა, მწირე რესურსით, ფაქტიურად - მოხალისედ. მაინც კმაყოფილი დავრჩით შედეგებით და გავაგრძელეთ ჩვენთვის ყველაზე უმთავრესი საქმე - ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ახალი, რეალურად ალტერნატიული, თავისუფალი და ხალხის წინაშე პასუხისმგებელი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც გაერთიანდებოდა ლიბერალურ - დემოკრატიულ და პროგრესული სოლიდარობის იდეების გარშემო.
ჩვენი პოლიტიკური იდეოლოგია, რომელსაც „ახალი ქართული იდეა“ ეწოდება და ეფუძნება პროგრესული სოლიდარიზმის პრინციპებს, წარმოადგენს და მიიჩნევს ინდივიდს სოციალური მოქმედების თავისუფალ, დამოუკიდებელ ერთეულად. მის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, აგრეთვე, წარმოადგენს პლურალიზმი, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს, სეკულარული რესპუბლიკანიზმისა და სამოქალაქო მოძრაობის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელიცაა.
ჩვენი პოლიტიკური იდეა - ქართული პროგრესული სოლიდარობა, საკუთარ თავში მოიაზრებს „ახალი ქართული იდეა“ - ს, „ახალი პროგრესული მოქალაქის“ ღირებულებებსა და პრინციპებს. რა ნიშნავს და რა არის "ქართული", ვინ არის "ქართველი" და რას წარმოადგენს "ახალი ქართული იდეა"? საქართველო უძველესი ტრადიციების, კულტურის და იდენტობის მატარებელი კულტურაა, ამასთან, მსოფლიოს ჭეშმარიტი და განუმეორებელი ნაწილია. ქართული ჭეშმარიტი ტრადიციებისა და ევრო - ატლანტიკური ფასეულობების სინთეზი - სიმბიოზი, ახალი ქართველის აზროვნების ფორმატი უნდა გახდეს, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს თავისუფალი მოქალაქის სამართლებრივ სახელმწიფოში თანასწორუფლებიან განვითარებას. ჩვენს მიერ დანახული პროგრესული სოლიდარობა არის პოლიტიკური აზროვნების ფორმა, რომელშიც წარმომადგენლობითი დემოკრატია თავისუფლების პრინციპებზე დაყრდნობით მოქმედებს, ანუ აპრიორია ადამიანის, მოქალაქის ინდივიდუალური უფლებების დაცვა, ამასთან, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა სხვა მოქალაქეების მიმართ.
ქართულმა საზოგადოებამ შეინარჩუნა და დაიცვა ურიცხვ თაობათა მიერ შექმნილი უზომო სიმდიდრე, რომელიც უნდა მიიღოს ჩვენი საზოგადოების ყოველმა ახალშობილმა წევრმა. უამრავმა თაობამ თავისი შრომით დააგროვა უზარმაზარი როგორც მატერიალური ისე არამატერიალური სიმდიდრე და ჩვენ არ უნდა მივცეთ კორუმპირებულ და პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად, ასევე ეკონომიკურ გარყვნილ ელიტებს ამ სიმდიდრის მიტაცების ან მოსპობის საშუალება. ეს მომდევნო თაობებსაც გაუადვილებს არსებობას და ღირსეულ, მდგრად განვითარებას. ყოველ მოქალაქეს ევალება წინაპრების თაობათა მიერ დაგროვებული სიმდიდრე - კაპიტალის შენარჩუნება, გაზრდა, მომავალი თაობებისათვის გადაცემა.
ნაბიჯ - ნაბიჯ, გუნდის წევრების შემოკრებით, მივედით 2024 წლის მაისამდე. სწორედ ამ დროს, ნათელი გახდა, რომ 26 წლის ოქტომბრის არჩევნები გახდება ჩვენი სამშობლოს ეგზისტენციალური გზა-ჯვარედინი.
შევიკრიბეთ სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობის, ორგანიზაციის, ჯგუფის თუ კავშირის წარმომადგენლები, ინდივიდები, ენერგიული პროფესიონალები და ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. ამ შეხვედრების და საუბრების დროს გამახსენდა მერაბ კოსტავას მართებული ფრაზა - "ნუ გადააყოლებთ ვიწრო პარტიულ, ჯგუფურ ინტერესებს საქართველოს. ყველა ქართველისთვის უნდა არსებობდეს ერთი პარტია - საქართველო!". სწორედ ასე ვხედავთ თითოეული ჩვენთაგანი ჩვენ როლს და მიზანს...
მახსოვს, პირველი შეხვედრის დროს ვკითხე დათო ქაცარავას და მის თანამებრძოლებს - "რა მიზანი გაქვთ, გჯერათ გამარჯვების?" და ამოვისუნთქე, როდესაც მივიღე ის პასუხი, რომელსაც ქვეცნობიერად ველოდი - "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!".
მეამყება პარტია "თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივას" წევრების, პოლიტიკური საბჭოს და აქტივისტების პოზიციაც - გავერთიანებულიყავით ერთ დიდ სახალხო ერთობაში, რომლის წევრებისთვის არსებობს მხოლოდ ერთი პარტია - საქართველო!
პარტია გახდა მიზიდულობის ცენტრი, სახალხო - სამოქალაქო ერთობის, რომლის გარშემო შემოიკრიბა სხვადასხვა ღირსეული ადამიანი, მოქალაქე, საზოგადოებრივი და სამოქალაქო ორგანიზაცია. ჩავატარეთ პარტიის რიგგარეშე ყრილობა, რომლის დელეგატებმაც აირჩიეს პარტიის ახალი პოლიტიკური საბჭო და ახალი გენერალური მდივანი - დავით ქაცარავა, ერთსულოვნებით, ერთხმად! დელეგატთა გადაწყვეტილებით პარტიას გადაერქვა და ეწოდა - "ჩვენ".
რატომ „ჩვენ“ ?
ჩ ვ ე ნ, ყველა ერთად ვართ საქართველო, მიუხედავად განსხვავებულობისა...
ჩ ვ ე ნ ი, ერთად ასაშენებელი და გასაძლიერებელია ეს ქვეყანა...
ჩ ვ ე ნ ვართ ამ ქვეყნის საფუძველი
და
ჩ ვ ე ნ ვქმნით ძალას ერთობით - ძალა ერთობაშია!
რადგან ვერ შედგა პოლიტიკური ერთობა და/საერთო სია ოპოზიციის რიგებში, გადავწყვიტეთ ცალკე მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა, რადგან ჩვენი ხედვა ინდივიდუალური და განსხვავებულია, მითუმეტეს ჩვენი თვითმიზანი მხოლოდ პარლამენტში მოხვედრა არ არის. ჩვენ ვხედავთ ხალხისგან წამოსულ დაკვეთას/გზავნილებს, რომ მათ არ სურთ არსებულ პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა და სურთ ახალი პოლიტიკური ძალა, ერთობა, სახეები - ახალი სისხლი პოლიტიკაში.
გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ გადავწყვიტე მომეყოლა, დამეწერა, თუ საიდან მოვდივართ, რატომ „ჩვენ“ და სად მივდივართ. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამედროვეობისთვის და მომავლისთვის. გავა მრავალი წელი და იკითხავენ ჩვენი თავისუფალი, ლაღი, თანასწორი და წელში გამართული შთამომავლები - თუ საიდან მოვდივართ ჩ ვ ე ნ და რა არის ეს ჩვენი ქართული სოლიდარობის იდეა, თუ როგორ გავიმარჯვეთ ბოროტებაზე და ერთად, ჩვენ გავიმარჯვეთ!
ჩვენი პარტია "ჩვენ" იზრდება, შემოერთების და მხარდაჭერის სურვილით მოგვმართავენ სხვადასხვა მოქალაქეები, ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ჯგუფები... დარწმუნებულნი ვართ, რომ ყოველი ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა - ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!
15.08.2024
ქ. თბილისი

Comments
Post a Comment